logo
ENG



თარგამაძის Op-Ed: საბჭოთა საქართველოში დაბრუნება - როგორი იყო 2020 წელი 

27 დეკ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

პროგნოზების კეთება უმადური საქმეაო, ტყუილად არ უთქვამთ. აბა ვინ იფიქრებდა, რომ 13-წლიანი სატელევიზიო შესვენების შემდეგ წელს დავბრუნდებოდი ეთერში და დროება, ძველი წამყვანითა და ახალი სახეებით კვლავ შეხვდებოდა მაყურებელს. თუმცა, ბევრად უფრო ძნელად წარმოსადგენი იყო ის, რისი ეკრანებიდან თქვენთვის მოყოლა და ჩვენებაც მოგვიწია ამ წლის განმავლობაში: ვის მოუვიდოდა აზრად, რომ გავრილოვის ღამის, მოსახლეობისა თუ საერთაშორისო პარტნიორების არაერთხელ გადაგდების, 8 მარტს იძულებით შეთანხმების და კიდევ უამრავჯერ კისრის მოტეხვის შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ ფეხზე წამოდგებოდა და მრავალპარტიული პარლამენტისა და კოალიციური მთავრობის ნაცვლად, გვიან საბჭოთა საქართველოში დაგვაბრუნებდა. იმ საქართველოში, სადაც ერთი კაცის, ერთპარტიული პარლამენტიდან კვლავ კობახიძის ფრთიან ფრაზებს, უნიჭო ხუმრობებსა თუ დაცინვას მოვისმენდით, იმის ნაცვლად რომ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც ამავე დროს უმცირესობაცაა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო პანდემიის მსხვერპლთათვის.

არადა ეს წელი თითქოს იმედიანად დაიწყო. დასავლელი მეგობრების ძალისხმევით ივანიშვილს უკან დაახევინეს; 8 მარტის შეთანხმებით საარჩევნო სისტემა პროპორციულს მიუახლოვეს; ციხიდან უგულავა და ოქრუაშვილი გამოუშვეს; პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეაჩერეს; თითქოს სწორ გზაზე ვიდექით და ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ერთი ჩინელი, რომელმაც როგორც ამბობენ ნაბახუსევზე შემწვარი ღამურა მიირთვა და შეუძლოდ გახდა. ავადმყოფობის მიზეზი დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი კოვიდ 19 აღმოჩნდა, კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა, ქართულ ოცნებას კი მაშველ რგოლად მოევლინა. მარტის ბოლოს ქვეყანა გაჩერდა. ჩაიკეტა საზღვრები. დაიკეტა ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები. თითქმის სრულად დაპაუზდა ეკონომიკა. სახლებში გამოკეტილი, შეფიქრიანებული მოსახლეობა საკუთარი ფანჯრებიდან შეჰყურებდა დაცარიელებულ ქუჩებსა და მომავალ გაჭირვებას და იმასაც, საგანგებო მდგომარეობით გათამამებული და კორონასთან ვითომ გამარჯვებით თავბრუდახვეული მთავრობა როგორ იბოხებდა ხმას.

თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ივანიშვილმა, სამ მუშკეტერთან ერთად, მსოფლიოში კოვიდთან საუკეთესოდ მებრძოლის მანტია მოირგო, მოგვიანებით კი ბერასთან ერთად რაღაცნაირი ტიკ-ტოკ ტანგოც შეგვისრულა. ასე მივედით ზაფხულამდე. თუ გაზაფხულზე ხელისუფლებამ სრული ლოქდაუნით რამდენიმე ასეულ ინფიცირებულს მთელი საქართველოს ეკონომიკა გადააყოლა, ზაფხულში პირიქით მოიქცა და შეზღუდვების ფართოდ მოხსნით აქ უკვე საკუთარ საარჩევნო კამპანიას გადააყოლა კოვიდთან ბრძოლის ყველა ის მიღწევა, რომლისთვისაც მანამდე სახლებში გამოგვკეტა. მერე რა რომ დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ ასამდე, შემდეგ ხუთასამდე, ათასამდე, ბოლოს კი 5 ათასამდეც გაიზარდა. მერე რა რომ ჰოსპიტალური სექტორი ჩამოქცევის პირას მივიდა, ადამიანები კი სასწრაფოებსა თუ საავადმყოფოს დერეფნებში იხოცებოდნენ. უდიდესი საფრთხის მიუხედავად ოცნებამ არც შეზღუდვები დააწესა და არც არჩევნები გადადო. ივანიშვილისთვის სასწორზე იდო ყველაზე ძვირფასი: ძალაუფლება.

საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დღეს, 31 ოქტომბერს ჩატარდა. დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ე.წ. ძველი ბიჭები უბნებთან, კარუსელები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ არსენალისა, რაც ოცნებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენა. თუმცა, როდესაც არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მოსახლეობის ნების შესაცვლელად, ივანიშვილმა სასწრაფოდ წამოიწყო სპეცოპერაცია თამარ ჟვანიას მონაწილეობით: პირდაპირ, გადათვლის გარეშე გადაასწორეს ოქმები და მე-6 თუ მე-7 ჯერზე როგორც იქნა დასვეს სასურველი ბალანსი: 48 პროცენტი მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მოგუდულად, დუდუკებით, მარტო იზეიმეს ოცნების ოფისში გამარჯვება. პირველად საქართველოს ისტორიაში გამარჯვებულ პარტიას არ მიუღია მილოცვები დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებისგან. ოპოზიციამ სადავო არჩევნების შედეგი არ აღიარა, უპრეცედენტო ერთიანობით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და უსამართლობა ქუჩის აქციებით გააპროტესტა.

როგორც კუკარაჩას სიკვდილი აღარ ახსოვდათ მეორე დღეს თბილისში, ისე მიივიწყეს მსოფლიოში საქართველოს საარჩევნო პერიპეტიები, რადგან რამდენიმე დღეში იგივე დრამა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გათამაშდა. ბაიდენმა ტრამპი კი დაამარცხა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უმალ დაიწყო იმის მტკიცება რომ არჩევნები გაყალბდა. მსოფლიოში სულ 2 ჯორჯია არსებობს და ორივეში ხმების გადათვლის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს. როდესაც დასავლეთმა ცოტა მაინც მოიცალა საქართველოსთვის, პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან კვლავ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გადაინაცვლა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს მეორე მოყვა, მეორეს, მესამე, მესამეს მეოთხე და ასე ვართ მეხუთე რაუნდის მოლოდინში. ამასობაში მოლაპარაკების შედეგი ნულია, ხოლო არჩევნების შედეგი კი ერთპარტიული პარლამენტი. ერთადერთი, ვინც დღეს ჯერ კიდევ იმედიანადაა განწყობილი, თავად ამერიკის ელჩი კელი დეგნანია, რომელიც ოლიმპიური სიმშვიდით და ენთუზიაზმით ემზადება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის. საქართველო კი დამდეგ ახალ წელს ხვდება. ხვდება ერთპარტიული პარლამენტით, სახელმწიფო ვალის უპრეცედენტო მაჩვენებლით, ჩამოშლილი ეკონომიკით, გაუფასურებული ლარით, შელახული საერთაშორისო რეპუტაციით, მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველით, 2 ათას 400-მდე კოვიდით გარდაცვლილით, გაზრდილი დანაშაულით, ქართული ფეხბურთის ანტი რეკორდითა თუ კიდევ სხვა უამრავი უბედურებით... ესებუათი, რომელიც სამეგრელოს რომელიღაც მიყრუებულ სოფელში ზის ალბათ დათა თუთაშხიასავით თბილ ბუხართან, მიირთმევს წითელ ღვინოს და ფიქრობს სად და როგორ დააბანდოს ხელისუფლების დოყლაპიობით ნაშოვნი ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც სახელმწიფო ვალს დაემატება და მომავალში ალბათ ჩვენი შვილების გადასახდელი გახდება. "ხის ასაკი მის გადანაჭერზე გამოსახული რგოლების რაოდენობით იანგარიშება.. ზოგჯერ ხდება, როდესაც ხის ნამდვილ ასაკს რგოლი აკლია - რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იმ წელს ხე მხოლოდ გადარჩენისა და არსებობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.. საქართველოს ისტორიიდან საუკუნეებია ამოვარდნილი" -ეს ბაჩანა ბრეგაძის სიტყვებია, რომლებიც არაჩვეულებრივად აღწერს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას: წლევანდელი წელი სწორედაც რომ ის დაკარგული რგოლი იქნება, რომელიც ჩვენ ფიზიკურ გადარჩენას მოვახმარეთ. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ზრდას და განვითარებას!


close დახურვა